eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) სტუდენტები სასწავლო ვიზიტით ფოთს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით ფოთში გასვლითი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა, რომლის მიზანი  სტუდენტებისთვის საბაჟო საქმიანობის, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების რეალურ სამუშაო გარემოში გაცნობა იყო.

 

ვიზიტის ფარგლებში პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ სტუდენტები ეწვივნენ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას, სადაც მებაჟე ოფიცრებმა მათ  საბაჟო საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები, მიმდინარე პროცედურები და სამუშაო სპეციფიკა გააცნეს. სტუდენტებმა ასევე მოინახულეს საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები“ და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც საბაჟო კონტროლისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოქმედი პროცედურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციასა და იქ მოქმედ კომპანიებთან შეხვედრებს და მათ სამუშაო სპეციფიკის გაცნობას დაეთმო.

 

პრაქტიკული სწავლების ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სკანირების პუნქტიც, მიეცათ შესაძლებლობა რეალურ სამუშაო გარემოში მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სკანირების პროცედურების, მათი მიზნების, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და საბაჟო კონტროლის პროცესში მათი მნიშვნელობის შესახებ.

 

როგორც პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ (ქუთაისი) ხელმძღვანელმა ლაშა ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული ცოდნა, პროფესიონალებთან უშუალო კომუნიკაცია და პრაქტიკული პროცესების გაცნობა  სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და მომავალი კარიერისთვის მზადებას.

თარიღი: 22/06/2026