ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ართვინ ჩორუჰის უნივერსიტეტის (თურქეთი) დელეგაცია უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ იბრაჰიმ აიდინის ხელმძღვანელობით. დელეგაციას თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განათლების, კვლევისა და საერთაშორისო მობილობის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და სამომავლო პარტნიორობის ფორმატებს.
„თსუ მზად არის გააძლიეროს ურთიერთობები თურქეთის წამყვან და სწრაფად განვითარებად უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებისა და მკვლევართა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და საერთო ინიციატივების განვითარებას,“ – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ართვინის ჩორუჰის უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა თსუ-ის ხელმძღვანელობას თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ართვინის უნივერსიტეტი დიდი ინტერესით ელის თანამშრომლობის დაწყებას საქართველოს უმსხვილეს უნივერსიტეტთან.
ვიზიტი გამოხატავს ორივე უნივერსიტეტის სურვილს გააძლიეროს რეგიონული აკადემიური თანამშრომლობა, კულტურული გაცვლა და უმაღლესი განათლების განვითარება მდგრადი პარტნიორობის გზით.