თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ამერიკიდან დაბრუნებულ სტუდენტებს უმასპინძლა.
დოქტორანტებმა შეხვედრაზე გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს იქაურ კოლეგებთან კოლაბორაციაზე და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია დაკავშირება იმ მკვლევრებს შორის, ვისაც მსგავსი საკვლევი თემები აქვთ რათა შეიქმნას საერთო კვლევითი ქსელი, გაძლიერდეს ცოდნის გაცვლა და ახალი ერთობლივი პროექტები დაიგეგმოს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მობილობის პროგრამების მნიშვნელობაზე და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებზე. „თქვენი საერთაშორისო გამოცდილება არის ის საფუძველი, რომელიც მომავალში გააძლიერებს როგორც თქვენს პროფესიულ განვითარებას, ისე ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით, რათა თქვენი იდეები და ინიციატივები რეალობად იქცეს.“ - აღნიშნა რექტორმა.
მობილობის პროგრამა ხორციელდება თსუ-სა და ტეხასის უნივერსიტეტის პარტნიორობით და მიზნად ისახავს საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. ამ ნაკადამდე პროგრამით უკვე 12 დოქტორანტმა ისარგებლა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით.
პროექტში ჩართულია თსუ-ს სამი ფაკულტეტი: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე წელს პირველად - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.