საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი - 150“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის  150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი - 150“ გამარჯვებულებისა და ფინალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. მასში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, თსუ სტუდენტები, პროფესორები, ფინალურ ტურში გადასული კონკურსანტები და მათი ოჯახის წევრები  მონაწილეობდნენ.

 

„მნიშვნელოვანია საიუბილეო ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეების ჩართვა. 400-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. თითოეული ნამუშევარი ჩვენთვის ძვირფასია, რადგან მათში ჩვენი ახალგაზრდა თაობის ემოცია და ცოდნაა ჩაქსოვილი. ამ კონკურსმა საშუალება მისცა სკოლის მოსწავლეებს უფრო დაინტერესებულიყვნენ ივანე ჯავახიშვილის როგორც სამეცნიერო, ისე ცხოვრებისეული დეტალებით და შეექმნათ ესე, ვიდეო თუ კომიქსი,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

 კონკურსი მიზნად ისახავდა 12–18 წლის მოსწავლეების ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, მათთვის ივანე ჯავახიშვილის იდეებისა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტრადიციების გაცნობას, ასევე, ახალგაზრდებში ცოდნის, განათლებისა და აკადემიური სივრცის მნიშვნელობის წარმოჩენას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა შემოქმედებითი ფორმით - ვიდეოს, კომიქსის ან ესეს საშუალებით წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალაზე.

 

შემოქმედებითი კონკურსი „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამოცხადდა 3 ნომინაციაში. 1. ვიდეო-ესე - „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“, 2. კომიქსი - „მე - ივანე ჯავახიშვილი“, 3. ესე - „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა. საკონკურსო კომისიამ ფინალურ ეტაპზე 9 კონკურსანტი გადაიყვანა, ხოლო შემდეგ გამოავლინა გამარჯვებულები:

 

ვიდეო-ესე — „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“-  გამარჯვებული -ლიზი კურტანიძე (ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა); ფინალისტები - თამარ მათიაშვილი (საგარეჯოს №3 საჯარო სკოლა) და ბარბარე ბერძენიშვილი (ჩოხატაურის შუა ფარცხმის საჯარო სკოლა)

 

კომიქსი - „მე — ივანე ჯავახიშვილი“ - გამარჯვებული - ანდრია აფრიდონიძე (წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა);  ფინალისტები - თეკლა რურუა (რუსთავის მე-20 საჯარო სკოლა) და ლიზი ყიფშიძე (ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლა)

 

ესე — „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ - გამარჯვებული - ლიზი უსენაშვილი  (ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლა); ფინალისტები - ნიკოლოზ ჩაგანავა (ივ. ჯავახიშვილის სახ. ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა), ლუკა გეგუჩაძე (ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა).

 

შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებულებსა და ფინალისტებს გადაეცათ სერტიფიკატები, თსუ გამომცემლობის  წიგნები.

თარიღი: 20/04/2026