თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამის შექმნისა და ორ ქვეყანას შორის კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული პირველი ფინტექ სტიპენდიის პროგრამის ამოქმედების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი თბილისის საერთაშორისო ფინანსური სამიტის ფარგლებში თსუ-სა და ციფრული აქტივებისა და ტრადიციული ფინანსების კორპორაციულ და ინსტიტუციურ ბანკთან Pave Bank-თან და სინგაპურში დაფუძნებულ არაკომერციულ ორგანიზაციასთან Global Finance & Technology Network-თან გაფორმდა.
თსუ რექტორის თქმით, „თსუ ბიზნესის, ფინანსებისა და STEM მიმართულების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ამ მიმართულებით მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტში - სინგაპურის ბიზნესის უნივერსიტეტში, გაიარონ საუკეთესო პრაქტიკა სინგაპურში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუციებში.“
შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება საქართველო-სინგაპურის ფინტექის სტიპენდიატთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme), რომელიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ სინგაპურში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში. პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება. ამით თსუ-ის ბიზნესისა და STEM მიმართულებების წარჩინებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრი გაატარონ სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში და ამავდროულად სრულფასოვნად ჩაერთონ სინგაპურის მსოფლიო დონის ფინტექ ეკოსისტემაში.
საქართველო–სინგაპურის ფინტექის მომავალ ლიდერთა სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში 24 სექტემბერს გააფორმეს. Pave Bank-ის მზადყოფნას, ინვესტიცია განახორციელონ მომავალი თაობის ლიდერების განვითარებაში და ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს ფინანსური ბარიერების გარეშე მისცენ საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი-ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ციფრული აქტივების ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილესი კომპანიის Tether-ის წარმომადგენლები.