სლოვაკეთის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, უნგრეთის, გერმანიის, რუმინეთის, პორტუგალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიესალმა თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მე-13 საერთაშორისო კვირეულზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც რექტორმა აღნიშნა, პერსონალის საერთაშორისო კვირეული ჩამოყალიბდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის და ახალი პარტნიორობის განვითარების ეფექტიან პლატფორმად. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
პერსონალის კვირეულის თემა, რომელსაც თსუ მასპინძლობს - „მობილობის მიღმა: ინოვაცია, მდგრადობა და ადამიანზე ორიენტირებული ინტერნაციონალიზაციაა“. ევროკავშირის პროგრამის „ერასმუს პლუსის“ ფარგლებში თსუ-ში შეკრებილი პარტნიორი უნივერსიტეტების დელეგაციების წევრები ჩართულნი არიან უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის საკითხებში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი, თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.