ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ფარგლებში პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიებაში ევროპის 16 ქვეყნის თსუ-ის 45 პარტნიორი უნივერსიტეტის 63 წარმომადგენელი მონაწილეობს.
ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მიესალმა და განაცხადა, რომ „საქართველო ყოველთვის იყო დაკავშირებული ევროპასთან, ევროპულ განათლებასთან. ამაზე მეტყველებს ევროპული სწავლების წესზე დაფუძნებული აკადემიები. 1918 წელს კავკასიაში დაარსებული პირველი უნივერსიტეტისთვის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო საუნივერსიტეტო თანამშრომლობა პრიორიტეტული იყო. უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად ჩამოდიოდნენ პროფესორები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან, აქედან აგზავნიდნენ ახალგაზრდებს ევროპაში სასწავლებლად. გასაბჭოების შემდგომ, ეს ყველაფერი მოისპო. საქართველო დღესაც დგას ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დიდი გამოწვევების წინაშე. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ 3 ომი გამოიარა რუსეთთან. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის როლს - იდეების გაზიარება საშუალებას გვაძლევს უფრო მდგრადი გავხადოთ განვითარება. დღევანდელი ეს შეკრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმაღლეს განათლებაში თანამშრომლობათა განუზომლად დიდ როლს საზოგადოების განვითარებაში. იდეების, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილებათა გაზიარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთობლივი ძალიხსმევით უფრო მდგრადი და სამართლიანი გარემო შევქმნათ. ამ მიზნისკენ მიმართულ ყველა ღონისძიებას თსუ მიესალმება და მხარს დაუჭერს.“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას თქმით, პერსონალის კვირეულის მნიშვნელობა და გეოგრაფია კიდევ ერთხელ ადასტურებს თსუ-სა და საქართველოს განათლების სისტემის მზარდ ინტერესს საერთაშორისო თანამშრომლობისადმი: „განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდები კარგად იცნობდნენ საერთაშორისო ტენდენციებს, რათა კონკურენტუნარიანნი გახდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე, მსოფლიო შრომის ბაზარზე. საქართველო აგრძელებს საერთაშორისო განათლების სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.“
კვირეულის მთავარი თემაა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და აკადემიურ სივრცეში საერთაშორისო კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა. კვირეულის ფარგლებში გაიმართება როგორც სამუშაო შეხვედრები და პროფესიული დისკუსიები, ასევე, სტუმრების ინდივიდუალური, პროფილური შეხვედრები თსუ-ის წარმომადგენლებთან სამომავლო აკადემიური თანაშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შექმნილი დიალოგის პლატფორმა - პერსონალის საერთაშორისო კვირეული, ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ჩვენში არსებული მდგომარეობის კრიტიკულად გააზრებას და ევროპული წარმატებული მაგალითების დანერგვას.
პერსონალის მე-12 საერთაშორისო კვირეული 8 მაისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებებიც.