მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხოხობაიასთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური განათლების განვითარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე.
შეხვედრაზე შეთანხმდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის მდგრადი განვითარების აკადემიის (SDG Academy) საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საკითხი. რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ საერთაშორისო დონის ონლაინ კურსები, სასწავლო მასალები და კვლევითი რესურსები მდგრადი განვითარების მიმართულებით.