24-26 ოქტომბერს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბთა რესპუბლიკა) იურიდიული ფაკულტეტის დაარსების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სამართალი ჭეშმარიტებასა და სამართლებრივ განსაზღვრულობას შორის“.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 40 ქვეყნის მეცნიერთა 215 სამეცნიერო მოხსენება. ვასილ გონაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „საკონსტიტუციო ცვლილებები სტაბილურობასა და რეალობას შორის (შედარებითი ანალიზი)“.
ვიზიტის ფარგლებში ვასილ გონაშვილმა შეხვედრები გამართა აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტის პრორექტორთან მეცნიერების, კვლევისა და განვითარების მიმართულებით, ასოცირებულ პროფესორ იელენა კრუნიჩთან, იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გორან მარკოვიჩთან და დეკანის მოადგილესთან სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, პროფესორ დიმიტრიე ჩერანიჩთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს, მათში პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობას, ასევე აკადემიური გამოცდილების გაზიარებას.