eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ გამოშვება 2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის მთავარი ღონისძიება - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები,  კურსდამთავრებულები და მათი  ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 „თქვენ თქვენი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეთ და ახლა დგახართ უდიდესი გამოწვევის წინაშე - დამოუკიდებლად დაიწყოთ თქვენი პროფესიული საქმიანობა. ამ დიდ გზაზე უპირველესად მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი ბრძანდებით.

 

გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, გიყვარდეთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, რამეთუ მხოლოდ სიყვარულშია ის დიდი ბედნიერება რისთვისაც მოვლენილნი ხართ ამ ქვეყანაზე. მეორე - იყავით თავისუფლები. ვინაიდან, სწორედ თავისუფლებაა ის დიდი მამაოძრავებელი ძალა, რომლის წყალობითაც ისტორიაში ადამიანები სასწაულებს სჩადიან.

 

გახსოვდეთ  რომ ყველაზე დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნისა, თავისი საქმის პროფესიონალია. ამიტომაც მხოლოდ მაშინ შეძლებთ დიდი მწვერვალების დაპყრობას თუ თქვენი საქმიანობა გეყვარებათ,“- ამ სიტყვებით მიმართა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ 2026 წლის კურსდამთავრებულებს.

 

წელს თსუ-ს 3298 კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის ყველაზე წარჩინებულები -  2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები თსუ ოქროს მედლით - წარჩინებული კურსდამთავრებული, წარჩინების სიგელებითა და  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

ღონისძიება დატვირთული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მასალებით. მათ შორის, საქართველოში პირველად, უნივერსიტეტის ფასადზე მოეწყო 3 D პროექცია. თსუ პროფესორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეასრულეს სტუდენტური ჰიმნი „გაუდეამუსი“.

 

ღონისძიების ფარგლებში 2026 წლის კურსდამთავრებულთა სახელზე დაირგო ზეთისხილის ხე (OLEA EUROPAEA), რითაც გაგრძელდა სამი წლის წინ დაწყებული ინიციატივა - კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.

 

მთავარი ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო სურათები სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში.

 

ღონისძიების შემდგომ თსუ კურსდამთავრებულებისთვის  Underwheel Club-ში გაიმართა წვეულება ე.წ After Party, რომელშიც მონაწილეობდნენ: Mgzavrebi, Kashia, Levan Grdzelidze.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და  27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. თსუ-ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი 29 ევროპული ქვეყნის 120-ზე მეტ უნივერსიტეტში, აშშ-სა და იაპონიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ და ეცნობიან უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + და ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში. თსუ-ში 200-ზე მეტ ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამასა და კურსზე 50 ქვეყნის 900-ზე მეტი მოქალაქე სწავლობს.

 

ახალ 2026-2027 სასწავლო წელს თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე 8600-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს. 

თარიღი: 20/07/2026