ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედ სსიპ „თავდაცვის მოხალისეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ სტუდენტებისა და დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებისა და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების ჩატარება. ამასთან, თსუ უზრუნველყოფს აღნიშნული აქტივობების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ და საორგანიზაციო მხარდაჭერას.
„თავდაცვის მოხალისე“ კი სტუდენტებს შესთავაზებს სამხედრო-სალაშქრო წვრთნებსა და სხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს, რაც ახალგაზრდებს თავდაცვის სფეროს უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
ღონისძიებას თავდაცვის უწყებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.