eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტები ყვარელში მდებარე საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს ეწვივნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზე მოქმედებს სტუდენტთა სამეცნიერო წრე MacroLab-ი, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელია ასისტენტ-პროფესორი მარინა ტაბატაძე.

 

სამეცნიერო წრის სტუდენტებმა მოამზადეს პროექტი „საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ისტორიული ანალიზი“, რომელიც დაფინანსდა 2026 წლის სტუდენტური პროექტების დაფინანსების საუნივერსიტეტო პროგრამით. 

 

პროექტის  მონაწილე სტუდენტები, მიმდინარე წლის 14 ივნისს, საგანმანათლებლო  ვიზიტით იმყოფებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც ეწვივნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს. 

 

მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა როლანდ სპანდერაშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია საქართველოს ეროვნული ფულის შექმნის ისტორიის, განვითარების ეტაპებისა და სავალუტო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, გაეცნენ საარქივო ნაშრომს „ბანკირის დღიურები“, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, ტელესტუდია „იმედის“ მიერ, მომზადებული სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის - „ლარის გზა“ ჩვენებას. 

 

სტუდენტთა სამეცნიერო წრის წევრებმა წარმოადგინეს MacroLab-ში მომზადებული მოხსენება საქართველოს თანამედროვე სავალუტო სისტემისა და გაცვლითი კურსის რეგულირების მექანიზმების შესახებ.

 

ფულის მუზეუმში ვიზიტი MacroLab-ის წევრებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე, საინტერესო და შემეცნებითი იყო. სტუმრებმა მასპინძლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო სუვენირები გადასცეს, თავის მხრივ, მუზეუმმა MacroLab-ს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული უნიკალური წიგნი — „ქართული ლარის კატალოგი“ უსახსოვრა.

 

განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის  პერსპექტივებიც, დაიგეგმა 2026-2027 სასწავლო წელს ფულის მუზეუმის წარმომადგენლების მონაწილეობა MacroLab-ის სამეცნიერო ღონისძიებაში, სადაც ისინი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს ფულისა და სავალუტო სისტემის ისტორიასთან დაკავშირებულ  საინტერესო ინფორმაციას გააცნობენ.

 

ყვარელში, თსუ სტუდენტები ასევე იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშიც, სადაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ილიას თაოსნობით სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსების ისტორიამ, მისმა წინაპირობებმა, არსებულმა ფაქტორებმა და ამ ბანკის გავლენამ საქართველოს დამოუკიდებელი საბანკო-საკრედიტო სისტემის ფორმირებაზე. 

 

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.

 

MacroLab-ი დიდ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს უაღრესად საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის, ასევე, ილიას სახელმწიფო მუზეუმს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ მნიშვნელოვანი  მასალების გაცნობისთვის. ვიზიტის მონაწილეები მადლობას უხდიან ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს გულთბილი მიღებისთვის.

 

MacroLab-ი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხელმძღვანელობას მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის -  MacroLab-ის სტუდენტური პროექტის - „საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ისტორიული ანალიზის“ მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.


თარიღი: 19/06/2026