ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის კლინიკას ეწვივნენ. პროფესიული განათლების პროგრამის „საექთნო განათლება“ (თბილისი) ხელმძღვანელმა, „ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო საქმის სამსახურის უფროსმა ნონა გოშაძემ სტუდენტებს კლინიკის წამყვანი დეპარტამენტების უფროს ექთნებთან ერთად უმასპინძლა.
ვიზიტი პროექტის „ვისწავლოთ, დავმეგობრდეთ და აღმოვაჩინოთ საქართველო - ექსტრაკურიკულური აქტივობები მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.
პროფესიულმა სტუდენტებმა კლინიკაში დაათვალიერეს და გაეცნენ თუ როგორ ფუნქციონირებს მოზრდილთა და პედიატრიული გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი, მიმღები, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის და სხვა დეპარტამენტები; ადგილზე ნახეს ის სამუშაო გარემო, რომელშიც მომავალ პროფესიაში მოუწევთ მუშაობა.
როგორც ნონა გოშაძემ აღნიშნა, სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ენახათ როგორ ხდება თეორიული მოდულების ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაცია, როგორ უნდა აწარმოონ კომუნიკაცია პაციენტებთან, დაიცვან პაციენტის კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები, დაიცვან ჰიგიენური უსაფრთხოების ნორმები, გამოიყენონ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე უშუალოდ ნახეს როგორ მონაწილეობს ექთანი სამედიცინო დანიშნულების შესრულებაში.
„ეს იყო პირველი გაცნობითი ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, რაც მნიშვნელკოვანი ეტაპია პროფესიის შესწავლაში, სანამ მათ უშუალოდ კლინიკურ ბაზაზე პრაქტიკული სწავლება დაეწყებათ. ვიზიტი მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, დასვეს ბევრი შეკითხვა და მიიღეს ამომწურავი პასუხები“,-განაცხადა პროფესიული განათლების პროგრამის „საექთნო განათლება“ ხელმძღვანელმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრმა პროფესიული პროგრამის „საექთნო განათლება“ განხორციელება 2024 წლიდან დაიწყო. პროგრამის დიდი ნაწილი პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა, რომელიც კლინიკურ ბაზაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელია, რომელიც 25 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს თბილისსა და რეგიონებში.