Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული სტუდენტი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტი ელენე ნინო მაისურაძე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფინალისტი გახდა.

 

დაჯილდოების ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ. კიდევ ორ ნომინაციაში ჯილდოები გადასცეს საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის და პროფესიული უნარების სააგენტომ კატეგორიაში „დამსაქმებლებთან და ბიზნესთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა“.

 

„ღონისძიებას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, საქართველოს პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსზე წელს სხვადასხვა კატეგორიაში 80-მდე განაცხადი იყო წარდგენილი.

 

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.

 

ჯილდოს ორგანიზატორია ათასწლეულის ფონდი, გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.  ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. 

თარიღი: 14/03/2025