geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სტუდენტების პროექტი და სტუმრობა კახეთში

თსუ პროფესიული სტუდენტების პროექტი „სწავლა, გამოცდილება და მეგობრობა ერთ სივრცეში“, რომელიც კახეთში სასწავლო-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებს  ითვალისწინებდა, წარმატებით განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტები ყვარელში ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ფულადი ნიშნების ისტორიას  და გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველ ექსპოზიციებს გაეცნენ.

 

კახეთში სტუდენტებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც მოინახულეს. ისინი ეწვივნენ გურჯაანის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია)  - VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლს, რომელიც მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ერთადერთი ორგუმბათოვანი ტაძარია. ასევე დაათვალიერეს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი ადრეული და შუა საუკუნეების ქართული ეკლესიის არქიტექტურაში.

 

სტუდენტური პროექტი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მიერ კონკურსის წესით იყო შერჩეული და დაფინანსებული. მისი ავტორები არიან პროფესიული პროგრამების “ღონისძიების ორგანიზება” (თბილისი) და “საფინანსო სერვისები” (თბილისი) სტუდენტები თეკლა დაუშვილი, თამარ ნიჟარაძე, გიორგი თოგოევი, ანა აბრამიშვილი და მარიამ ზედელაშვილი. სტუდენტებთან ერთად კახეთს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძეც სტუმრობდა. მან სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში.

 

პროფესიული პროგრამის “ღონისძიების ორგანიზება” (თბილისი) ხელმძღვანელის ნანა მამაგულიშვილის თქმით, სტუდენტებმა ერთობლივად შეიმუშავეს ექსკურსიის სრული ლოჯისტიკური გეგმა, მარშრუტი, კოორდინირებულად იმუშავეს მუზეუმებთან და ეფექტურად გადაწყვიტეს საორგანიზაციო საკითხები, რაც მათთვის საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილებაა.

თარიღი: 28/07/2026