ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ქუთაისში სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1,3 მლნ ლარზე მეტი გადაეცემა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისში თსუ პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, ცენტრის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამების განმახორციელებლები ესწრებოდნენ.
მინისტრმა თსუ რექტორთან ერთად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უმაღლესი სასწავლებლების მიერ დაფუძნებული პროფესიული მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსება გადაეცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებისთვის. “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 1,3 მლნ-ზე მეტი თანხა გადაეცეს უნივერსიტეტს, რათა მიმდინარე წელს დაიწყოს და 2026 წელს ზაფხულისთვის დაასრულოს სარემონტო სამუშაოები. შედეგად, დაახლოებით 900-1000 დაინტერესებული პირი ერთდროულად შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით თავისი პროფესიული კომპეტენციისა და უნარების განვითარებას”,-აღნიშნა გივი მიქანაძემ.
2025 წელს თსუ-ის პროფესიულ პროგრამებზე თბილისისა და ქუთაისის ცენტრებში, ჯამში 18 პროგრამაზე 500-მდე სტუდენტმა დაიწყო სწავლა. თსუ პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ 2025 წლის მიღებაზე 2 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. თსუ-ში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.