2020-01-23

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ-ში

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა თსუ-ში
120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი განიხილავს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.   ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში იმართება. 
ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გდებუაძე დაესწრნენ. 
„ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები, ვიცე-რექტორები, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები მონაწილეობენ სამდღიან ღონინისძიებაში, რომლის მთავარი თემა აკადემიური საქმიანობაა - როგორ უნდა გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა, როგორ უნდა განვითარდეს მათი კარიერა, როგორი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სივრცეში. საქართველო ამ სივრცის სრულუფლებიანი წევრია. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მათ შორის, ვიმედოვნებ, საქართველოში ბევრი უმაღლესი სკოლისთვის მისაღები იქნება სადოქტორო სტრუქტურირებული სკოლის შექმნა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
შეხვედრაზე  სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებს, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებს განიხილავენ. „ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე მთლიანად განათლების სისტემისთვის. პირველად მასპინძლობს ქართული უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთში  გაცვლიან იმ თანამედროვე მეთოდოლოგიას და პროგრამებს, რომელსაც თავიანთ უნივერსიტეტებში ახორციელებენ,“- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გდებუაძემ. 
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარის მარტინ რაიეს თქმით, „ვორკშოპი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. სამუშაო შეხვედრა შეეხება როგორც დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, ზოგადად, უმაღლესი განათლების ამ საფეხურის განვითარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია იგი როგორც  აკადემიური საზოგადოებისთვის, ასევე შრომის ბაზრისთვის.“
„დღევანდელი შეხვედრის მიზანს არ წარმოადგენენ, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტები, ჩვენ ვსაუბრობთ ასევე სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებზე, მათ როლზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ განვითარებაში.  ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრები იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართველი, ისე ევროპელი სტუდენტებისთვის,“- განაცხადა  აღმოსავლეთ პიემონტის (იტალია) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენელმა ლუიჯი პანზამ. 
EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების სემინარები და ვორქშოფები ხვალ დასრულდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე