დადგენილება №6/2020 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 5 ივლისის №167/01-01 ბრძანების მიზნებიდან გამომდინარე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 6 სექტემბრის №104/2019 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
 

დადგენილება №18/2020 - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №94/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №18/2020
24 თებერვალი, 2020

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №94/2019 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2020 წლის 19 თებერვლის №3078/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 თებერვლის №2 სხდომის ოქმის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №94/2019 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 1. რეგულირების სფერო
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის (შემდგომში - „წესი“) მიზანია განსაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში -„უნივერსიტეტი“) პროფესიული განათლების ცენტრის (შემდგომში  -  „ცენტრი”) ადმინისტრირების ფარგლებში მიმდინარე პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში - ,,მოდულური/პროფესიული/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“) პროფესიული სტუდენტის: უფლება-მოვალეობები, სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, გარე და შიდა მობილობის (შემდგომში – მობილობა), მიღებული განათლების აღიარების, მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, კვალიფიკაციის მინიჭების, დიპლომის გაცემის, შშმ და სსსმ პირების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მექანიზმები, პროფესიული პროგრამის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის რექტორი ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხასა და ვადებს.“;  

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. მობილობის წესით ჩარიცხვა და მიღებული განათლების აღიარება
1. მობილობის წესით პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის ადმინისტრირება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი  წესით. მობილობის უფლება აქვს ნებისმიერ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტს, რომლის ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და მობილობის მომენტისათვის წარმოადგენს უნივერსიტეტის ან სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პროფესიულ სტუდენტს.
2. მობილობის უფლება ასევე აქვს პირს, რომელსაც მობილობის განხორციელების მომენტისთვის შეჩერებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
3. მობილობა   შესაძლებელია  განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი და იმავე საფეხურის/დონის  შესაბამისი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი მოდულური პროგრამის ფარგლებში.
4. მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
5. აღიარებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
6. მობილობის მსურველ პირთა განცხადებების განხილვა, მოდულური პროგრამის შესაბამისობის დადგენა და მათ მიერ მოდულური პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება, ხორციელდება ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ოქმში.  
7.  მობილობის  მსურველი  პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება ფორმდება  უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს: მობილობის მსურველი პირის მიერ გავლილი მოდულური პროგრამის შესაბამისობა იმ პროფესიულ პროგრამასთან რომელზეც ხორციელდება მობილობა, აღიარებული სწავლის შედეგები და კრედიტების რაოდენობა. 
8. პროფესიული სტუდენტის მობილობა უნდა განხორციელდეს მოდულური პროგრამისთვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში.“;

დ) მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III. პროფესიული სტუდენტის დატვირთვა“;

ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროფესიული სტუდენტის დატვირთვა
მოდულური პროგრამის, კრედიტების განაწილებისა და პროფესიული სტუდენტის სასწავლო დატვირთვა განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით და მოდულით.“;

ვ) მე-6 მუხლი ამოღებული იქნას;

ზ) მე-4 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა“;

თ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება
1. პროფესიული  სტუდენტის  სტატუსის  შეჩერებად განიხილება  უნივერსიტეტისა  და პროფესიული სტუდენტის  უფლება-მოვალეობების  შესრულებისგან გათავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება მიზეზის  მითითებით;
ბ)  მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი; 
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა.
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების პერიოდში ჯამურად არაუმეტეს 2 წლის ვადით. 
4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 
5. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობით.
6.  დაუშვებელია  გაცვლითი  პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული პროფესიული სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება.“;

ი) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული სტუდენტის  სტატუსის  შეწყვეტად განიხილება  უნივერსიტეტისა და პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობების  შესრულებისგან განთავისუფლება პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენის უფლების გარეშე.
2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 3-წლიანი ვადის გასვლა; 
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი საფეხურის დასრულება;
გ) პირადი განცხადება მიზეზის  მითითებით;
დ) მიზეზის შინაარსი არ შეიძლება გახდეს პროფესიული სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველი;
ე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლების პერიოდში მოდულების 50%-ზე მეტი სწავლის შედეგების ვერ დადასტურება;
ვ) პროფესიული სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება (დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება ცენტრის მიერ, რა დროსაც გამოიყენება სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის მიზნით ნორმატიული და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმები და პროცედურა);
ზ) გარდაცვალება;
თ) წინამდებარე წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შედეგის დადგომა.“;

კ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენა ფორმდება უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ცენტრის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.
3. პროფესიული სტუდენტის სტატუსშეჩერებული პირის განცხადების განხილვა, მოდულური პროგრამის შესაბამისობის დადგენა და პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება, ხორციელდება ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ. კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ოქმში რომელშიც უნდა მიეთითოს: სტატუსშეჩერებული პირის მიერ გავლილი მოდულური პროგრამის შესაბამისობა იმ პროფესიულ პროგრამასთან რომელზეც ხორციელდება მისი აღდგენა, აღიარებული სწავლის შედეგები და კრედიტების რაოდენობა.“;

ლ) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  შეცვლის ან გაუქმების  შემთხვევაში ცენტრი უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას  უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ თავსებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, შეცვლილი ან გაუქმებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების გათვალისწინებით.
2. თუ უნივერსიტეტში არ ხორციელდება შეცვლილ ან გაუქმებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მაგრამ ხორციელდება სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ცენტრი ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობას რომელთანაც არსებობს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.“;

მ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;“;

ნ) მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII. კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა“;

ო) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის ხელმძღვანელი სპეციალური კომისიის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ბრძანებით ანიჭებს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას.“;

პ) მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მტკიცდება ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით.“;

ჟ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცენტრის ხელმძღვანელი სპეციალური კომისიის ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს ბრძანებით ანიჭებს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას.“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე