2019-10-10

პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმი

თბილისში 21-25 ოქტომბერს ტარდება ექიმთა მსოფლიო ასოციაციის (ემა) გენერალური ასამბლეა. ამ ღონისძიების ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს „პალიატიური მზრუნველობის მე-2 საერთაშორისო სიმპოზიუმს“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.   
სიმპოზიუმი მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის დამკვიდრების ხელშეწყობას. მისი ყველა გამოწვევის - საგანმანათლებლო, საკანონმდებლო, კვლევითი და ჯანდაცვითი - საპასუხოდ ადეკვატური, ექსპერტული, მეცნიერებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას და იმპლემენტაციას. 
2000 წლიდან დღემდე, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის შექმნის გზაზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ხელმიუწვდომელია თუნდაც საბაზისო პალიატიური მზრუნველობა (ტკივილის და სხვა სიმპტომთა ადეკვატური მართვა) მისი საჭიროების მქონე პირთა დიდი ნაწილისათვის, რაც არა მარტო სამედიცინო-ჯანდაცვითი, არამედ ეთიკური და ადამიანთა უფლებების სფეროს პრობლემაა. ეს, ერთი მხრივ, ასახავს პალიატიური მზრუნველობის თაობაზე ინფორმირებულობის, ასევე, პროფესიული განათლების დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი პოლიტიკური ნების დეფიციტს, ან პალიატიური მზრუნველობის (მთლიანად, ან მისი ზემოდასახელებული ცალკეული კომპონენტების) მნიშვნელობის არასწორ გააზრებას - შესაბამისი მიმართულებათა მესვეურების (გადაწყვეტილების მიმღებების) მიერ. 
ეს პრობლემები ტიპურია საქართველოს მსგავს ქვეყნებში. ჩვენ მოწვევის წერილები და სიმპოზიუმის სავარაუდო პროგრამა გავუგზავნეთ პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს. მათგან ცხრამ გამოთქვა სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი. თბილისს ეწვევიან საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ექსპერტები, როგორებიცაა Fiona Rawlinson, Julia Downing, Julia Verne, Katalin Muszbek, Stephen R. Connor, Xavier Gomez Batiste, Robert Twycross, Carlos Centeno, Eduardo Garralda. 
სიმპოზიუმი მოიცავს სამ დღეზე გაწერილ 3 სესიას და 3 მრგვალ მაგიდას. ამ სიმპოზიუმის მასალები (მოხსენებები) და, რაც მთავარია, სახელისუფლებო (საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და აკადემიური (უნივერსიტეტები) სტრუქტურების მიმართ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მხარდაჭერილი იქნება ემა-ს გენერალური ასამბლეის მიერ, გაზრდის პროფესიული და საზოგადოებრივი ზეწოლის ძალას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის განვითარებისა და დანერგვისათვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და ხელს შეუწყობს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ყველა სფეროს განვითარებას. 
სიმპოზიუმის „საუნივერსიტეტო რეკომენდაციები“ ხელს შეუწყობს პალიატიური მზრუნველობის როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და დარგში სამეცნიერო კვლევების სწორად დაგეგმვა-წარმართვას, მათ შორის სადოქტორო თუ სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში. სიმპოზიუმის მასალები გავრცელდება თსუ ვებ-გვერდისა და პალიატიური მზრუნველობის პროფესიული ელექტრონული ქსელების საშუალებით: ისინი განთავსდება „ჰოსპისის და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ასოციაციის“ და „პალიატიური მზრუნველობის ევროპული ასოციაციის“ ვებგვერდებზე. სიმპოზიუმის მოხსენებათა აბსტრაქტები და რეკომენდაციები გამოქვეყნდება თსუ ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალში „Translational and Clinical Medicine – Georgiam Medical Journal”, რომელიც ინდექსირებულია Google Scholar -ში. სიმპოზიუმი ფართოდ გაშუქდება მას-მედიის საშუალებით. საქართველოს სამედიცინო ტელეკომპანია „პულსი“ დეტალურად გააშუქებს სიმპოზიუმის მსვლელობას და შექმნის სიუჟეტს (დოკუმენტურ ფილმს) ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სიმპოზიუმის ხელმძღვანელი
პროფესორი დიმიტრი კორძაია
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე
Print

« იხ. ყველა სიახლე