Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეპარტამენტი: ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი

პოზიცია: სტაჟიორი

შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 3

 

ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული).

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

 

სტაჟირების შესახებ: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტი სტუდენტებს „ფინანსური ინოვაციების კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს; კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ინოვატორების აღმოჩენა.

 

სტაჟირების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

გაეცნონ ეროვნული ბანკის აქტივობებს ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით;

კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;

იმუშაოს მათ მიერ არჩეულ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში, მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;

დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად.

 

სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

 

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:

პირველი ეტაპი:

განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

მეორე ეტაპი:

წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;

 

წერითი დავალება სრულად:

რა თემაზე უნდა წარმოადგინონ ნაშრომი? 

მონაწილეებმა ნაშრომი უნდა მოამზადონ შემდეგი სამი მიმართულებიდან ერთ-ერთზე:

ბლოკჩეინი და ტოკენიზაცია: ტოკენიზირებული ფინანსური პროდუქტების (როგორც საგადახდო, ისე საინვესტიციო) განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ბაზარზე და რეგიონში. ნაშრომი უნდა მოიცავდეს ფინანსურ სფეროში ბლოკჩეინის სხვადასხვა გამოყენების სცენარებისა და კონკრეტული მაგალითების მიმოხილვას.

ღია ფინანსების განვითარება - ღია ფინანსების განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ბაზარზე, მათ შორის შესაძლო გავლენა კოკურენციასა და ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

ხელოვნური ინტელექტი (AI) - ფინანსურ სექტორში AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და გამოწვევები, მათ შორის რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით.

 

სტუდენტებს თემის არჩევისას ექნებათ  თავისუფლება.

თითოეული მიმართულებიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდება (ჯამში - სამი გამარჯვებული).

 

წერითი დავალების ეტაპები

საკვლევი თემის აბსტრაქტის/რეზიუმეს გამოგზავნა

დაინტერესებულმა კანდიდატმა დავალების შესასრულებლად უნდა გამოაგზავნოს არჩეული თემის აბსტრაქტი/რეზიუმე, რომელშიც უნდა აისახოს აპლიკანტის ცოდნა საკითხის მიმართ, ნაშრომის მიზანი, სტრუქტურა და შესრულების ეტაპები, თუ როგორ წარმოუდგენია მისი განხორციელება.

აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა იყოს მაქსიმუმ ერთი გვერდი, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge.

კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს "ფინანსური ინოვაციების კონკურსი,“  ნაშრომი დაასათაუროს საკუთარი სახელით და გვარით, ხოლო შეტყობინების შინაარსში მიუთითოს სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. 

აბსტრაქტების/რეზიუმეების მიხედვით შეირჩევა საუკეთესო თემები, რომლებიც გადავა კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრება/ნაშრომის წარდგენა.

 

მესამე  ეტაპი:

გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთ აბსტრაქტში/რეზიუმეში აღწერილი ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  20-30 გვერდს.

აბსტრაქტი/რეზიუმე უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე internship@nbg.gov.ge – 2026 წლის ივნისის ბოლომდე.

შეფასების კრიტერიუმები

საკითხის აქტუალურობა;

კვლევაში გამოყენებული მეთოდების სიახლე/ინოვაციურობა;

თეორიულ-მეთოდოლოგიური შესაბამისობა;

ლოგიკა, არგუმენტაცია და ადეკვატური ინტერპრეტაცია;

დასკვნების შესაბამისობა მიღებულ შედეგებთან, დასახულ მიზანსა და საკვლევ ამოცანებთან;

ტექსტის სიცხადე, სტრუქტურა და აკადემიური ციტირების სტილი;

პლაგიატის დაუშვებლობა (plagiarism-free) -  ნაშრომში დაუშვებელია  პლაგიატი - მოსაზრებების, ფრაზებისა და წინადადებების გამოყენება არასათანადო წესებით (ლიტერატურული წყაროს მითითების გარეშე).

 

კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით  ელ-ფოსტაზე  Internship@nbg.gov.ge    უნდა გამოაგზავნონ:  

რეზიუმე (CV)

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტში“.

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

ერთი ელექტრონული ფოტო.

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.