ზურაბ კაკაბაძე
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1926
1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1968 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1970 წლიდან პროფესორი.
1967-1982 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე.
1971 წელს მისი ერთერთი ცნობილი ნაშრომი ,,ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა’’ გამოაქვეყნეს იაპონურ ენაზე.
იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის ძირეულ პრობლემებს.
მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში. ამ საკითხების კვლევა დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ადამიანის პრობლემის პოზიტიური ფილოსოფიური კვლევისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობანი. დამაჯერებლად გააკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსაზრისი ადამიანის შესახებ, ნათელყო "ტექნიკური გაუცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრიზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია" რამაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს ავტორი მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რომელიც სწორედ ამის გამო პასუხისმგებელია იმ საზოგადოებისა და სამყაროს წინაშე, რომელშიც იგი ცხოვრობს. მრავალრიცხოვან წერილებში, რომლებიც საკუთრივ ესთეტიკის ფენომენს ეხება, ის აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასარკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად; უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში; მისი აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნულ ენათა და ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას.
ზურაბ კაკაბაძე ავტორია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომის.