ლევან მუსხელიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1900
1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის ექსპედიციაში. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1936 წლიდან - შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში სწავლულ მდივნად. 1940 წლიდან ასრულებდა ამავე მუზეუმის დირექტორის მოვალეობას. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მატერიალურ კულტურის ისტორიის განყოფილების გამგედ. ლევან მუსხელიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. 1936 წელს მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია. 1936-1937 წლებში დაიწყეს ნაქალაქარ დმანისის, 1937 წელს გეგუთის ციხე-დარბაზის, 1938-1939 წლებში გუდარების ნამოსახლარის გათხრა. 1937 წლიდან მდინარე მაშავრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა. ლევან მუსხელიშვილმა გამოაქვეყნა შრომები სამშვილდის, სიონის და მცხეთის სვეტიცხოვლის უძველეს ქართულ წარწერებზე, დააზუსტა თარიღები და ისტორიულ პირთა ვინაობა. ლევან მუსხელიშვილმა თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტორიული ხასიათის გამოკვლევბის გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდე უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული. სპეციალურ ლიტერატურაში გამოსცა ძველი ტექსტები, რომლებიც შეიცავენ მნიშვნელოვან ტერმინებსა და ცნობებს მშენებლობის შესახებ. ლევან მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1942 წელს.
თარიღი:
05/03/2020