Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური პროექტი ქუთაისში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში, ქუთაისში წარმატებით განხორციელდა სტუდენტური პროექტი „საქართველოს საბაჟოს სისტემაში ინოვაციები, პროფესიული სტუდენტის დასაქმების შესაძლებლობები და გამოწვევები“. პროექტის ავტორები არიან პროფესიული პროგრამის “საბაჟო საქმე” სტუდენტები მარიამ ნემსაძე, ელენე მჟავია, მარიკა ივანიაძე და ლიკა ლანჩავა.

 

პროექტის ფარგლებში თსუ პროფესიული განათლების ცენტრში გაიმართა მებაჟე-ოფიცერს თამთა ჩაკვეტაძის პრეზენტაცია თემაზე „NCTS-ის დანერგვის ისტორია, ფუნქციონირება, ინსტრუმენტები და საბაჟო სისტემაში მისი მნიშვნელობა“.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები კერძო სექტორიდან, საბაჟოს სპეციალისტები, მოქმედი მებაჟე ოფიცრები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

პროექტის მეორე ეტაპზე კი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული პროგრამების "საბაჟო საქმე"(ქუთაისი)  და "ტვირთების ექსპედირება"(ქუთაისი)  სტუდენტები გასვლითი საინფორმაციო ვიზიტით ეწვივნენ ბათუმისა და სარფის საბაჟო ობიექტებს.

 

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუდენტები გაეცნენ NCTS ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის მუშაობის პრაქტიკულ პროცესებს, საბაჟო დეკლარირებისა და ტვირთების დათვალიერების ეტაპებს რისკის დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ადგილზე გაეცნენ საბაჟო პროცედურებს: ფიზიკური პირის და სატვირთო ა/მ მოძრაობის კონტროლი; კინოლოგიური სამსახურის იმიტირებული გარემოში; ძაღლის დახმარებით განხორციელდა კონტრაბანდის და ნარკოტიკების აღმოჩენის სიმულაცია. ბათუმის საზღვაო პორტში სტუდენტებმა იხილეს საბორნე მიმოსვლის პროცესი და პორტის ყოველდღიური ოპერაციები რეალურ გარემოში.

 

როგორც პროფესიული პროგრამის „საბაჟო საქმე“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩაკვეტაძემ აღნიშნა, სტუდენტური პროექტებს განსაკუთრებული როლი აქვს სწავლა-სწავლების პროცესში. “პროექტები არა მხოლოდ ამაღლებს სტუდენტების პრაქტიკულ ჩართულობას, არამედ ზრდის მათ პროფესიულ თვითშეფასებას, გუნდურობასა და პასუხისმგებლობას. სწორედ მსგავსი ინიციატივების მეშვეობით ხდება თეორიული ცოდნის დაკავშირება რეალურ სამუშაო გარემოსთან,”-განაცხადა მან. მისივე თქმით, ქუთაისში განხორციელებული პროექტის შედეგად, სტუდენტებმა გაიღრმავეს წარმოდგენა საბაჟო სისტემის სტრუქტურასა და გამოწვევებზე, დაამყარეს პროფესიული კონტაქტები და გაიაზრეს საკუთარი მომავალი როლის მნიშვნელობა პროფესიულ სფეროში.

 

სტუდენტური პროექტი განხორციელდა თსუ პროფესიული განათლების ცენტრის, შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

თარიღი: 21/07/2025