Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ დასაქმების ფორუმი 2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა და პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით, და დასაქმების სააგენტო HR.GE-ს მხარდაჭერით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილრ კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან წიქარიძე, დასაქმების სააგენტოს HR.GE გენერალური დირექტორი გიორგი კიკნაძე ესწრებოდნენ.

 

ფორუმის მიზანი თსუ აკადემიური პროგრამების და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

 

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 50-მდე ქართული კომპანია, რომლებიც მონაწილეებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამის, პროფილურ ვაკანსიებს სთავაზობდნენ.

 

            თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მისია აქვს, პირველი, სტუდენტებისთვის ევროპული განათლების მიცემა სტუდენტებს, მეორე მხრივ კი, აუცილებელია ორიენტაცია შრომის ბაზარზე. „დღეს უნივერსიტეტში გაიხსნა ძალიან საინტერესო ღონისძიება, სადაც 46 კომპანიაა წარმოდგენილი. ასეთი დასაქმების ფორუმები წელილწადში რამდენიმეჯერ ტარდება. ვფიქრობ, ბიზნესსა და  უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმა არის მოძებნილი, რომელიც კონკრეტულ შედეგს გამოიღებს“,- აღნიშნა რექტორმა.

 

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის აზრით, ფორუმი იძლევა საშუალებას პროფესიულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ უშუალო ურთიერთობა დამსაქმებლებთან, მათგან მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მომავალში აისახება მათ კარიერულ განვითარებაზე. ამასთან, მისივე თქმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი მუდმივად ზრუნავს როგორც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებაზე, ასევე იმ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებაზე, რომლებიც მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დასაქმების სააგენტო HR.GE-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წელს გაფორმდა. მას შემდეგ არაერთი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. სააგენტოს გენერალური დირექტორის გიორგი კიკნაძის განცხადებით, HR.GE, როგორც ფორუმის თანაორგანიზატორი, წარმოდგენილია დასაქმების პლატფორმის სახით. “მიხარია რომ ქართულმა კომპანიებმა გამოთქვეს სურვილი გაეზიარებინათ ვაკანსიები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის, რომლებიც ასევე მოწადინებით ცდილობენ თანამშრომლობას ამ კომპანიებთან. იმედი მაქვს მათი ინტერესი თანმხვედრი იქნება”,-დასძინა გიორგი კიკნაძემ

 

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. როგორც თსუ სტუდენტმა მარიამ კოპლატაძემ აღნიშნა, მსგავსი ფორუმები საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მიიღონ არამარტო განათლება, ასევე გაეცნონ შრომის ბაზრის ტენდენციებს და დასაქმდნენ.

თარიღი: 03/11/2025