ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტი - „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“( RiHEI) თითქმის ერთი წელია ხორციელდება. პროექტში ქართული და ევროპული უნივერსიტეტები არიან ჩართულნი და ერთობლივად მუშაობენ ქართული საუნივერსიტეტო სივრცის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე. რა საჭიროებებმა გამოიწვია ამ პროექტის განხორციელება საქართველოში და რა სამუშაოები ჩატარდა, ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის შიდასაუნივერსიტეტო კოორდინატორი, თსუ პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.
.ქალბატონო ნინო, დასაწყისისთვის მოკლედ რომ გაგვაცნოთ, თუ რა ძირითად მიზნებს ისახავს ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტი - „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“ (RiHEI) და როგორ გამოიკვეთა ქართულ უნივერსიტეტებში ამ პროექტის განხორციელების საჭიროება?
პროექტი RiHEI მიზნად ისახავს ქართულ უნივერსიტეტებში ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობას, რათა ისინი გახდნენ უფრო პასუხისმგებლიანი, ინკლუზიური და მეწარმეობაზე ორიენტირებული დაწესებულებები. საქართველოში დღევანდელ რეალობაში გამოწვევად რჩება როგორც მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში, ასევე მჭიდრო კავშირი უნივერსიტეტებსა და ბიზნეს/საზოგადოებრივ სექტორს შორის. ეს პროექტი სწორედ ამ გამოწვევებზე პასუხად შეიქმნა - მისი საჭიროება გამოიკვეთა როგორც ადგილობრივი კვლევებით, ასევე უნივერსიტეტების თვითშეფასების საფუძველზე, რომელიც აჩვენებდა, რომ აუცილებელია სტრატეგიული განვითარება ამ მიმართულებით.
პროექტში ქართულ უნივერსიტეტებთან (თსუ; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთად ჩართულნი არიან ევროპული უნივერსიტეტები: მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი - ჰალე, ვიტენბერგი; მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი; ლოძის უნივერსიტეტი. რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში ევროპული და ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობა?
ევროპულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა ამ პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ევროპელი პარტნიორები პროექტში ასრულებენ მენტორისა და ექსპერტის როლს, ისინი უზიარებენ ქართულ უნივერსიტეტებს გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია, მეწარმეობრივი უნარების გაძლიერება, სტრატეგიული მართვა და ზემოქმედების შეფასება. ამ თანამშრომლობის შედეგად, ქართულ უნივერსიტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები, მიიღონ მხარდაჭერა სტრატეგიული განვითარების გეგმების ჩამოყალიბებაში და ჩამოაყალიბონ მდგრადი საერთაშორისო პარტნიორობები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მოკლედ რომ გაგვაცნოთ პროექტის სამი ძირითადი მიზანი და მისი მიღწევის ამოცანები და გზები?
პროექტის სამი ძირითადი მიზანია:
მდგრად განვითარებაზე და მეწარმეობაზე ორიენტირებული უნივერსიტეტების მოდელის ჩამოყალიბება საქართველოში
უნივერსიტეტების ინსტიტუციური და აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება
უნივერსიტეტების, ადგილობრივი საზოგადოებებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება
ამ მიზნების მიღწევა მოხდება როგორც გადამზადებების, სტრატეგიული მოდელების შექმნის, ასევე პრაქტიკული ინიციატივების გზით, რომელთაც გააჩნიათ პირდაპირი ზეგავლენა სტუდენტებსა და ადგილობრივ საზოგადოებაზე.
რამდენადაც ვიცი, პროექტმა თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. რას სთავაზობს პროექტი მათ მომავალში?
პროექტი უკვე ამოქმედდა სხვადასხვა დონეზე და მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს თსუ-ის წარმომადგენლებს:
პროფესორ-მასწავლებლებისთვის: დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგები მდგრადი განვითარების, მეწარმეობის, ღია მეცნიერების (Open Science) და პასუხისმგებლიანი კვლევისა და ინოვაციის (RRI) მიმართულებით. მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ უნივერსიტეტის ტრანსფორმაციის კვირეულებში და ევროკავშირის პარტნიორებთან გაცვლით პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას და ახალი სასწავლო კურსების შექმნას. ასევე, პროფესორ-მასწავლებლებს ექნებათ წვდომა ციფრულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს EU-ის მხარდაჭერილი რესურსებისა და საუკეთესო პრაქტიკის ბაზას.
ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის: პროექტი მხარს უჭერს მმართველობითი სტრუქტურების მოდერნიზაციას და გეგმავს ტრენინგებს სტრატეგიული დაგეგმვის, ხარისხის უზრუნველყოფისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა HEINN VATE-ისა და RIIA ჩარჩოების დანერგვა — ზეგავლენების შეფასების და რეგიონულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის ანალიზის მიზნით. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჰიბრიდულ სწავლებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის გრძელვადიან განვითარებას.
სტუდენტებისთვის: სტუდენტები ჩაერთვებიან მეწარმეობრივ, ინოვაციურ და გარემოზე ორიენტირებულ პროექტებში, მათ შორის ჰაკათონებში, სტარტაპ-კონკურსებში და „Teaching Factory“-ის ტიპის პრაქტიკულ სწავლებაში ინდუსტრიულ გარემოში. პროექტი მიზნად ისახავს განსაკუთრებით ხელი შეუწყოს სოფლის რეგიონებიდან და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფებიდან სტუდენტების ჩართულობას. ისინი ასევე მიიღებენ მენტორობას ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, შეიძენენ პერსონალიზებულ ციფრულ პროფილებს უნარების იდენტიფიცირებისთვის (EurPass-ის ჩარჩოს შესაბამისად) და გახდებიან STEAM ელჩები თავიანთ რეგიონებში. გარდა ამისა, სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის პერსონალიც გადამზადდება, რაც მათ უკეთეს მომსახურებას უზრუნველყოფს.
პროექტი RiHEI უნივერსიტეტებს არა მხოლოდ გარდაქმნის ინკლუზიურ, ინოვაციურ და მეწარმეობრივად ორიენტირებულ დაწესებულებებად, არამედ ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შთაგონებასა და მოტივაციას, რომ ისინი გახდნენ ცვლილებების კატალიზატორები თავიანთ საზოგადოებებში.