ეკატერინე ბერიძე, პროფესიით სერტიფიცირებული მასაჟისტია 12 წლიანი გამოცდილებით. თსუ პროფესიულ პროგრამაზე “საექთნო განათლება” სწავლა სამედიცინო სფეროში სიღრმისეული ცოდნის მისაღებად გადაწყვიტა.
სწავლის დასრულების შემდეგ მას დიდი გეგმები აქვს. როგორც ამბობს, როდესაც დიპლომირებული სპეციალისტი იქნება, საკუთარი სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნის.
ეკატერინე სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც რეაბილიტაციის, ასევე ესთეტიკის ცენტრებში მასაჟისტად. “ვმუშაობ როგორც პათოლოგიების, ასევე სხეულის კორექციის მიმართულებით, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულებით და სხვა. “თსუ-ში მოვედი მეტი განვითარებისთვის სამედიცინო სფეროში,რადგან ვთვლი რომ სულ სიახლე და განვითარებაა საჭირო”,-აღნიშნავს პროფესიული სტუდენტი.
ეკატერინეს პროფესიულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლოდინი გაუმართლდა. სასწავლო პროცესი ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა, ლექციები ინფორმაციული. პროგრამის თეორიული ნაწილის შემდეგ, ჯგუფელებთან ერთად პრაქტიკულ ნაწილს განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება, რომელიც ქვეყნის წამყვან კლინიკებშია დაგეგმილი. “ვფიქრობთ, კარგი მენტორები დაგვხვდებიან და მოტივაცია კიდევ უფრო გაიზრდება”,-ეკატერინე ბერიძე დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ აქტიური და საინტერესო სასწავლო პროცესი ელის, რომელიც მისი პროფესიული გეგმების განხორციელებით გაგრძელდება.